იხილეთ: ბაკურიანის გალერეა
ბაკურიანი საქართველოს პოპულარული სათხილამურო კურორტია ბორჯომის რაიონში. იგი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, 1700 მ ზღვის დონიდან. ბაკურიანის შემოგარენში იზრდება წიწვოვანი ტყეები (ძირითადად ნაძვი).
კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომიდან 30 კმ-ში ე.წ. ბაკურიანის ღრმული/კალდერა. ქალაქის დღევანდელი ტერიტორია აგებულია მუხერის ვულკანის ლავური განფენებით.
კურორტის ყველაზე მაღალი მთა, რომელიც სათხილამუროდ გამოიყენება, არის კოხტა გორა, დაახლოებით 2200 მ ზღვის დონიდან. ბაკურიანის ჰავა გარდამავალია ნოტიო ზღვიურიდან შედარებით ნოტიო კონტინენტურში. ზამთარი აქ ცივია, ხასიათდება დიდთოვლობით, ხოლო ზაფხული გრძელი და თბილია.
ქალაქის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 4.3 ° იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7.3 °, ხოლო აგვისტოსი +15 °. ნალექების წლიური რაოდენობაა 734 მმ. თოვლის საფარი დეკემბრიდან მარტის თვემდე 64 სმ-ს აღწევს. ბაკურიანში მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარგად ცნობილი ბოტანიკური ბაღი.
იხილეთ: ბორჯომის გალერეა
ბორჯომი საკურორტო ქალაქია საქართველოს სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. მისი მოსახლეობა 14 445 ადამიანია. ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი რაიონია და მდებარეობს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბორჯომის თვალწარმტაც ხეობაში, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის აღმოსავლეთ კიდეზე.
ქალაქი ბორჯომი ცნობილია მინერალური წყლის ინდუსტრიით (ამჟამად იგი ნომერი პირველი საექსპორტო პროდუქციაა საქართველოში), რომანოვების საზაფხულო სასახლით ლიკანში. ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი შედის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ნუსხაში. ბორჯომის მინერალურ წყალს განსაკუთრებით კარგად იცნობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მინერალური წყლის ჩამოსხმა ბორჯომის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ბორჯომის მინერალური წყლების წყაროების მაკურნებელი თვისებების გამო ბორჯომს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დამსვენებლები. ბორჯომში მდებარეობს ყველზე დიდი ეკოლოგიურ-თემატური გასართობი პარკი კავკასიაში.
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკს იცავს ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი.
იხილეთ: ტაბაწყურის ალპური ტბის გალერეა
კოორდინატები: 41o 39" ჩ, 43 o 37" ს სიმაღლე: 1 989 მ ზღვის დონიდან
ჰავა - კონტინენტური, მთის კლიმატი. ზამთარი ძალიან ცივი და თოვლიანია, ზაფხული - გრილია. ნალექების წლიური რაოდენობა 700 მმ-ზე ნაკლებია (40 მმ იანვარში, 60 მმ აპრილში, 80 მმ ივლისში, 50 მმ - ოქტომბერში). წლის მანძილზე კოკისპირულწვიმიან დღეთა რიცხვი 50-ს აღემატება, ხოლო თოვლის საფარიან დღეთა რიცხვი 150-ია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -8 °, აპრილისა +2 °, ივლისისა +12 °, ოქტომბრის +8 °. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურაა 26 ° (ივლისში).
ტაბაწყურის ტერიტორია თვალწარმტაცი ბუნებით გამოირჩევა - ეს ულამაზესი ადგილია საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ჯავახეთის ვულკანური პლატოს ჩრდილოეთით. იგი მოიცავს დიდი ზომის სუბალპურ ტბას, რომლის სარკის ფართობი 15 კმ2-ია, ხოლო სიღრმე - 22-44 მ. ტბის გარშემო მთის სათიბებია, ხოლო მის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე - მეთევზეთა პატარა სოფელი. დაჭაობებული ტერიტორიები მდებარეობს მოცემული ტერიტორიის ჩრდილოეთით. ტაბაწყურის ტბის სანახავად შეიძლება მოეწყოს ერთდღიანი გასეირნება ბაკურიანიდან.
იხილეთ: ტიმოთესუბანის გალერეა
ტიმოთესუბანი, ბორჯომის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა).
ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესწულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხსვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია.
მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.).
იხილეთ: გელათის სამონასტრო კომპლექსის გალერეა
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისთან ახლოს (დასავლეთ საქართველო, იმერეთის რეგიონი) დააარსა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა (1089-1125) 1106 წელს.
დიდი ხნის მანძილზე გელათის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი იყო. აქ არსებობდა ცნობილი გელათის აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, თეოლოგები და ფილოსოფოსები, რომელთა უმეტესობაც მანამდე საზღვარგარეთის მართლმადიდებლურ აკადემიებში ან კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში მოღვაწეობდა. გელათის აკადემიის მეცნიერებს შორის იყვნენ ისეთი გამორჩეული სწავლულები, როგორიცაა იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი.
იმ უდიდესი სამუშაოს გამო, რომელიც გელათის აკადემიამ გასწია, ხალხი მას “ახალ ელადას” და “მეორე ათონს” უწოდებდა. გელათის მონასტერში შემონახულია XII-XVII საუკუნეებით დათარიღებული დიდი რაოდენობით ფრესკები და ხელნაწერები.
გელათში დაკრძალულია საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი. 1994 წელს იუნესკომ გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდში შეიყვანა.
იხილეთ: ვარძიის გალერეა
ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი წარმოადგენს სამხრეთ საქართველოში, ასპინძის ახლოს ერუშეთის მთაში გამოკვეთილ მონასტერს, რომელიც თამარ მეფემ 1185 წელს დააარსა.
მონასტერი აიგო მონღოლებისგან თავდაცვის მიზნით. იგი შედგებოდა 6000-ზე მეტი ოთახისგან, რომლებიც ცამეტსართულიან კომპლექსში იყო განლაგებული. ქალაქში შედიოდა ტაძარი, სეფე-დარბაზი და რთული საირიგაციო სისტემა, რომლის დახმარებითაც ირწყვებოდა ტერასებზე შეფენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. კომპლექსში შეღწევა მხოლოდ მდინარე მტკვართან არსებული რამდენიმე კარგად შენიღბული გვირაბის მეშვეობით იყო შესაძლებელი.
1283 წელს სამცხეში მიწისძვრის შედეგად განადგურდა ქალაქის თითქმის ორი-მესამედი ნაწილი, გამოქვაბულების გარე კედლები ნაწილობრივ ჩამოიქცა და მოიშალა სარწყავი სისტემა.
XIII საუკუნეში ბექა ჯაყელის ათაბაგობის ხანაში ტაძარი გაამაგრეს და აიგო სამრეკლო, რომელიც შორიდანაც კარგად ჩანდა. 1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზ I-ის ბრძანებით. მათ ხელთ იგდეს ყველა მნიშვნელოვანი ხატი და ფაქტიურად, მოშალეს სამონასტრო ცხოვრება.
იხილეთ: მცხეთის გალერეა
მცხეთა - საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი თბილისიდან დაახლოებით 20 კმ-ით არის დაშორებული და მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან.
ქალაქი მცხეთა, რომლის მოსახლეობაც 7 423 ადამიანს შეადგენს (2005წ ლის 1 იანვრის მონაცემებით), ამჟამად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. მცხეთის ისტორიული მნიშვნელობისა და უამრავი უძველესი ძეგლის გამო 1994 წელს იუნესკოს მიერ “მცხეთის ისტორიული ძეგლები” შეყვანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდში.
სვეტიცხოველის ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ტაძარია ქ. მცხეთაში (საქართველო), 20 კმ დაშორებით საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან.
იხილეთ: სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრის გალერეა
სვეტიცხოველი, რომელიც ცნობილია როგორც მაცხოვრის კვართის დაკრძელვის ადგილი, ერთ-ერთი უდიდესი და უმთავრესი ქართული ტაძარია. აქ ამჟამად არის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს რეზიდენცია.
სვეტიცხოველის დღევანდელი ტაძარი აიგო XI საუკუნეში ქართველი არქიტექტორის არსუკიძის მიერ, თუმცა სვეტიცხოველი გაცილებით ძველია და ადრეული მე-4 საუკუნით თარიღდება და მას უკავშირდება მრავალი ლეგენდა, რომლებიც ძირითადად ადრეულ ქრისტიანულ ტრადიციებზეა აგებული.
სვეტიცხოველი მეორე უდიდესი ტაძარია საქართველოში თბილისში ბოლო დროს აგებული წმინდა სამების ტაძრის შემდეგ და მცხეთის სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
იხილეთ: სიღნაღის გალერეა
სიღნაღი ქალაქია საქართველოს ტერიტორიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში და სიღნაღის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა 2002 წლის აღწერით, 2 146 ადამიანია.
სიღნაღის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს მეღვინეობასა და ტრადიციული ხალიჩების ქსოვას. ქალაქი სიღნაღი და მისი შემოგარენი ცნობილია ლანდშაფტითა და ისტორიული ძეგლებით.
სიღნაღში ბოლო წლებში განხორციელდა მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროგრამა, რის შემდეგაც ქალაქი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.
იხილეთ: თელავის გალერეა
თელავი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კახეთის რეგიონის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. მისი მოსახლეობა შეადგენს 21 800 ადამიანს (2002 წლის მონაცემებით).
ქალაქი მდებარეობს ცივ-გომბორის ქედის მთისწინეთზე, 490 მეტრზე ზღვის დონიდან.